საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-13

რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრის ძირითადი თემები.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტულ თემებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მიზანია ახალი ინიციატივის წამოწყება, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების ხელშეწყობისკენ.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. აღინიშნა საქართველოს როლი საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური