საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს სამელიორაციო ტექნიკა გადასცა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-12

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს, გრანტის სახით, 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა, - ცერემონიას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
ექსკავატორი, სატვირთო მანქანა, ბულდოზერი, ბეტონის ამრევები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები, ტრაქტორები, - ეს იმ ტექნიკის არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ათეული წლებია, ჩვენს სარწყავ-სამელიორაციო სისტემას რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ჩვენს გლეხებს და ფერმერებს. ჩვენ დავიწყეთ სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. აღნიშნული სპეცტექნიკა კი საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვაწარმოოთ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანად მოწესრიგებას და განვითარებას. გარდა ამისა, ხელმოწერილია ჩინურ-ქართული თანამშრომლობის პროექტი - „ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგია საქართველოში", რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტი სათბური აშენდება", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები იზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს კვლავ ეძლევა საშუალება, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს უმოკლესი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის.
„ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის ახალი იმპულსი, რომელიც ერთიან სავაჭრო სისტემაში აქცევს ქვეყნებს ევროპიდან ჩინეთამდე. აბრეშუმის გზა ახალ შესაძლებლობას უჩენს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ევროპისა და აზიის ქვეყნებსაც, დაამყარონ ახალი ეკონომიკური კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთთან, რომელიც საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.
სექტემბერში ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს ჩინეთში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 11 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების თანამედროვე სპეცტექნიკის გადაცემის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.
„ჩინეთის მხრიდან ეს არის დახმარება და საჩუქარი ქართველი ხალხისადმი-253 ერთეული სხვადასხვა ტექნიკა, ჯამში 11 მილიონ დოლარამდე ღირებულების, სრულიად უფასოდ. ამას გამოიყენებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში, რათა კიდევ უფრო ინტენსიურად და ეფექტიანად წავიდეს სამუშაოები," - განმარტა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან სხვადასხვა მიმართულებით. მანვე ხაზი გაუსვა შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის" განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის მართლაც ახალი ეტაპი იწყება, გასულ თვეს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ახალი კონცეფციის განვითარების თაობაზე. ეს არის ახალი აბრეშუმის გზის განვითარების იდეა თანამედროვე რეალობაში. ჩვენ ვართ ამ პროექტის მონაწილე ქვეყანა. ეს არის ისტორიული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესძენს და დაუბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც მას ოდითგანვე ჰქონდა. რეალურად საქართველო გახდება ერთადერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ მართლაც 15 დღემდე შეგვიძლია შევამციროთ ჩინეთის ტვირთების ტრანსპორტირება ევროპამდე და სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ის კორიდორი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოვიყენოთ მაქსიმალურად გონივრულად, რათა მეტი მნიშვნელობა შეიძინოს ჩვენმა ქვეყანამ. ეს ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ დაცულობას და მეტ ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ მიზნით ოქტომბერში ვატარებთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, სადაც უმაღლესი დონის ვიზიტორები გვეყოლება. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს ინტერესი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური