საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-12

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევრობანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის შეხვედრაზე აღინიშნა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ინვესტორთა საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ ინვესტორთა საბჭო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად იმუშავებს საქართველოში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ხაზი გაესვა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სერ სუმა ჩაკრაბატს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური