საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-11

სოფლის მეურნეობის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობა განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჰან ჩანგფუს შეხვედრაზე.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელოვნად ზრდის დინამიკას.
ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დადასტურა მზაობა, მიიღოს მონაწილეობა 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში."
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ქართული მხრიდან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური