საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა რიგგარეშე სხდომაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-08

დღეს, რამდენიც უნდა ვილაპარაკო ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზე, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პარლამენტის წევრებს ხელისუფლების საქმიანობის შედეგები წარუდგინა და სამოქმედო პროგრამის- "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" პრიორიტეტები გააცნო.
მისი განმარტებით, მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა.
"ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას; გავაგრძელებთ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს; გავუადვილებთ საქმიანობას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წარმატების რეალური შესაძლებლობები,"-აღნიშნა პრემიერმა.

მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ლარის კურსის ცვალებადობის მიზეზი და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვითარების სტაბილიზაციისთვის.
სიტყვის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა.

"მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი და არანაირი დაბრკოლება არ გვქონდეს ამ მიმართულებით. მეც და მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი სრულად ვაცნობიერებთ და ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ზედიზედ სამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა დაგვაკისრა. მე, როგორც მთავრობის მეთაურს, ბუნებრივია, ამ პროცესში მაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს. ეს ძალიან დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და ბუნებრივია, რომ ამას დასჭირდეს სამთავრობო გუნდის გადახალისება,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პარლამენტის მიერ ხელახალი ნდობის გამოცხადება მთავრობას მისცემს სტიმულს, რათა ახალი ენერგიით, ახალი ძალისხმევით გააგრძელოს მუშაობა.

მინდა ყველას მოგილოცოთ ის წარმატება, რისი მოწმეც დღეს დილით გახდა საქართველო - გამოქვეყნდა ვიზალიბერალიზაციის შეფასების ანგარიში, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

მთავრობის მეთაურმა დეპუტატების მიერ დასმულ 40-ზე მეტ შეკითხვას უპასუხა.
ახალი სამთავრობო პროგრამა - “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის”, ეკონომიკური ვითარება, ანაკლიის პორტის მშენებლობა, განათლების საკითხები, ინვესტიციები, სოფლების გაზიფიცირება,- ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლებზეც პრემიერ-მინისტრს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა ბიზნესმენთა მხრიდან დიდი დაინტერესებით სარგებლობს და დაწყებულია მუშაობა კონკრეტული პროექტების განხორციელების მიმართულებით; სოფლების გაზიფიცირებაზე აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო. რაც შეეხება ინვესტიციებს და ანაკლიის პორტის მშენებლობას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტით უმსხვილესი კომპანიები დაინტერესდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური