საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-07

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი სასამართლო, არჩევანის თავისუფლება, სიცოცხლის უფლება - ეს ქვეყნის დემოკრატიულობის მთავარი კრიტერიუმებია და ჩვენ ერთად ვიბრძოდით ასეთი სახელმწიფოს შექმნისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" წევრებს, რომლებსაც მეგობრები და თანამებრძოლები უწოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ „თავისუფალი დემოკრატები" დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ეს მათი არჩევანი და გადაწყვეტილებაა.

„თქვენ კოალიციიდან გასვლისას, ჩემი აზრით, საკმაოდ ხმამაღალი, უსაფუძვლო და ემოციური განცხადება გააკეთეთ, თითქოს საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე დაემუქრა. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები, აზრთა სხვადასხვაობა და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მე პატივს ვცემ ჩვენს საერთო წარსულს, საერთო ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და იმ გამარჯვებას, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ქართველ ხალხთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" წევრების კითხვებს უპასუხა.
ეკონომიკური ვითარება, ლარის კურსი, საწვავის ფასები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფი, ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, ეს ის თემები იყო, რომლებზეც კითხვები მთავრობის მეთაურს ფრაქციის წევრებმა დაუსვეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ძირითადად გამოწვეულია საგარეო შოკებით, თუმცა მთავრობა ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებსა და სწორ პოლიტიკას, რასაც უახლოეს მომავალში ლარის გამყარების ტენდენცია უნდა მოჰყვეს. რაც შეეხება საწვავის ფასებს, პრემიერმა განმარტა, რომ აღნიშნულ ბაზარს სწავლობს კონკურენციის სააგენტო და მოკვლევის შესახებ ანგარიშს სააგენტოსგან მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოისმენს. პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება. მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს კი მთავრობის მეთაური ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს და სკანდალის მიზეზს ვერ ხედავს.

ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებას მთავრობა განახლებული გუნდით აპირებს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური