საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-07

ის ციფრები და შედეგები, რაც დღეს თქვენს წინაშე წარმოვადგინე, არის კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით და მისი გადამოწმება თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უმცირესობის სხდომაზე «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

"თქვენს ბრალდებებსა და ამ მოგონილ ცილისწამებებზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას. დღეს მე ვარ პარლამენტში და მინდა გესაუბროთ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენ საქმით ვაჩვენეთ ჩვენი ხელისუფლების ღირებულებები. რაც შეეხება ლარის კურსს, საქართველო არ არის გამონაკლისი რეგიონში ვალუტის ცვალებადობის კუთხით. ლარის კურსის ცვალებადობა არის განპირობებული მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით და რეგიონული კრიზისით. აპრილის წინასწარი მონაცემებით, იმპორტში გვაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ერთ-ორ კვირაში, ასე რომ, ჩვენი და ეროვნული ბანკის პროგნოზებით, თუმცა მე არ მინდა მათ ნაწილზე ვისაუბრო, ეს სწორედ ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და უმჯობესია მათ გააკეთონ განმარტებები, ჩვენ ველოდებით, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ორ-სამ კვირაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი განცხადებები და ის დემაგოგია, რომელსაც ისმენს მოსახლეობა ყოველდღიურად და იმ აჟიოტაჟს, რასაც თქვენ ქმნით ხელოვნურად ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ უწყობს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური