საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-04

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპარტამენტის ახალ უფროსს შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია რეგიონების განვითარებასა და რეგიონში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე. გიორგი ამაშუკელმა პირველი დავალება მიიღო მთავრობის მეთაურისგან- დაინტერესდეს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებით და აქტიურად ჩაერთოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებში.
გიორგი ამაშუკელმა მადლობა გადაუხადა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის.
გიორგი ამაშუკელი დღემდე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დამთავრებული აქვს თსუ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხი-სპეციალობა: ბიზნეს და კომერციული სამართალი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური