საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-29

ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის ანკი ბრუკერს-კნოლის შეხვედრის ძირითადი თემები.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობა საქართველოსთან დინამიურია და მოიცავს მრავალ სფეროს; მათ შორის ყველაზე აქტიურია ეკონომიკური და განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს. განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოვლინებად შეაფასა.

ანკი ბრუკერს-კნოლი 2013 წლიდან იკავებს ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის თანამდებობას. იგი არის ჰოლანდიის „ სახალხო პარტია - თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის" წევრი, ხოლო 1997-2003 წლებში გახლდათ ამავე პარტიის ვიცე-პრეზიდენტი. 2007 წლიდან დღემდე იგი ეროვნული სამართლის ექსპერტთა რწმუნებულთა საბჭოს წევრია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური