საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

წყალტუბოს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-25

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყალტუბოში, - მუნიციპალიტეტში 38 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება, რაზეც 500 ადამიანია დასაქმებული.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს წყალტუბოს ცენტრალურ პარკში გაეცნო.
ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი გარემო - მინი გოლფის მოედანი, ბალახისა და გრუნტის საფარიანი ჩოგბურთის მოედნები საშხაპეებით, სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, საყვავილე პიქსელები და ბაღები, წვიმისა და უამინდობის დროს გამოსაყანებელი თავშესაფრები, დეკორატიული აუზები, მოცეკვავე შადრევანი, ამფითეატრი და ღია კაფე. ასევე, გაკეთდა 4 ველოსადგომი და მიწის დონიდან აწეული ბილიკები პარკის მთელ ტერიტორიაზე.
მთავრობის მეთაური წყალტუბოს ცენტრალურ პარკში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილსა და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გივი ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფებოდა.
წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური