საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-24

 

ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებსა და საარჩევნო რეფორმების საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო სამი არჩევნების წარმატებით ჩატარებით. ასევე აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი საქართველომდე კამბოჯის ტაილანდისა და მალაიზიის ოფისებს ხელმძღვანელობდა.
2001-დან 2005 წლებში ის უძღვებოდა ინსტიტუტის რეგიონულ პროგრამას პოლიტიკური პარტიების რეფორმის შესახებ რვა აზიურ ქვეყანაში. ჩართული იყო NDI-ის პროგრამების მართვასა და შეფასებაში სხვადასხვა ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური