საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი შემაჯამებელ სემინარზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-24

 2

2015 წლის ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015"-ის სამზადისს 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეაფასებენ-შემაჯამებელი სემინარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრებს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებსა და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის და "თბილისი 2015" -ი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებად შეაფასა.
„ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება. თბილისი პირველია პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ასეთი პატივი ერგო. ის, რომ თბილისი ამ ფესტივალის მასპინძლად აირჩიეს, წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი ნდობაა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ ეს ნდობა. მერწმუნეთ, ამ ღონისძიების გამართვა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრება. ვფიქრობ, ,,თბილისი 2015" თავისი არსით ზუსტად ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია - ესაა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა,"-აღნიშნა პრემიერმა.
სემინარს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის (COCOM) წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი მოინახულებენ „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და დაათვალიერებენ მშენებარე და განახლებულ სპორტულ არენებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური