საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-24

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ბოლოდროინდელ განცხადებებს.
მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს დაავალა და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში პირადად შეხვდეს ელჩს, რათა მოისმინოს მისი წუხილის შესახებ.
„აღიარება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა და ხელისუფლება, ჩვენ მოვიპოვეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამიტომ ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, გაარკვიოთ ბოლომდე, კონკრეტული ფაქტების დონეზე შეისწავლოთ თითოეული საკითხი და თუ საჭიროა შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩაერთოს. მზად ვარ, დავინტერესდე ამ ფაქტით, თუ ასეთი რეალურად არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური