საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერის კომენტარი ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-21

საქართველოში დღეს არ არის ადეკვატური სიტუაცია, რომ ჩვენ მივცეთ თავს უფლება, ნახევარ მილიარდიან სასახლეებში ვიცხოვროთ, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, ავლაბრის რეზიდენციაში დარჩება თუ ათონელზე გადავა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
მთავრობის მეთაურისთვის მიუღებელია საუბარი იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და შეურაცხყოფს.
„ყველას გთხოვთ, არ შეიძლება, ასე ვისაუბროთ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ იძულების წესით მოხდება მისი გადმოყვანა. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როდესაც გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარ მილიარდიან სასახლეში. მე ამას არ გავაკეთებდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, ამ სასახლის მიმართ ყოველთვის იყო უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელშიც 28 მილიონი დაიხარჯა. მე რომ მის ადგილზე ვიყო, გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყოვლად აღმაშფოთებელი და დაუშვებელი ფაქტია, რომ ოპოზიციის წევრები ბედავენ, ერევიან გურჯაანის გამგეობის მუშაობაში და ცდილობენ გამგეობის მუშაობის პარალიზებას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურჯაანის რაიონში განვითარებულ მოვლენებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მიჩნევს, რომ ადეკვატური იყო გურჯაანის გამგებლის ქმედება, რომელმაც დეპუტატ ღვინიაშვილს ოფისის დატოვებისკენ კანონის დაცვით მოუწოდა.
„მოვლენების ასეთი განვითარება ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, ქართველი ხალხი აღარასოდეს დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის", ამ დესტრუქციულ ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას და სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა" იმსახურებს,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის საკითხზე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ხელისუფლებას მათ მიმართ განსხვავებული მიდგომა არ გააჩნია.
„პირიქით, ჩვენ წლების განმავლობაში მათ მიმართ არსებული გულგრილი დამოკიდებულება შევცვალეთ. თუ 2-3 ადამიანი ცდილობს ახალგაზრდების სირიაში გადაყვანას, ამას სამართალდამცავები მიხედავენ. ასეთი თემებით სპეკულირება დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური