საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

დავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-21

დავით შავლიაშვილი იყო ეფექტიანი მინისტრი და რისკიანი მენეჯერი, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მე მას თანამდებობაზე დარჩენას ვეღარ დავაძალებდი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებას გადადგომის თაობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დავით შავლიაშვილმა თანდაყოლილი სერიოზული დაავადების გამო, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გადადგომის თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა რთული ვითარებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ეს არ მოხდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პირველი კვარტალი დასრულებულიყო წარმატებულად. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კვარტლის ბოლოს ბიუჯეტის 107%-იანი შესრულება ჰქონდა, ხოლო გასული წელი 97%-იანი შესრულებით დაასრულა, რაც ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო მისი ეფექტიანობა, ის იყო საკმაოდ რისკიანი მენეჯერი, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ამ თვეების განმავლობაში გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მოგეხსენებათ, რომ სამინისტროში მძიმე შრომა და სტრესული სამუშაოა. მეწყინა მისი გადადგომა, თუმცა ვეღარ დავაძალებდი, გაეგრძელებინა მუშაობა, რადგან ეს მის ჯანმრთელობას შეეხებოდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის განახლება ჩვეულებრივი პროცესია და ამით არაფერი შეიცვლება, რადგან დაწყებული პროექტები გრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური