საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-17

27 მარტიდან ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის დაინერგა SMS და ვიდეოზარის 24-საათიანი უფასო სერვისი; სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც დღეს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS სერვისი დანერგილია 18 ქვეყანაში, ვიდეოზარის სერვისი მოქმედებს 6 ქვეყანაში, ხოლო ორივე სერვისი ფუნქციონირებს მხოლოდ 3 ევროპულ სახელმწიფოში (ჩეხეთი, მალტა და საფრანგეთი).
„საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მე-4 სახელმწიფოა, სადაც შშმ პირებს ორივე სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწევთ და საქართველოში თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება იქნება სრულად დაცული და რეალიზებული",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვანი სოციალური ინტეგრაციისთვის და ამ კუთხით არსებული ბარიერების დასაძლევად.
„როგორც იცით, 27 ოქტომბრის სხდომაზე, საბჭო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოდ დასახელდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქციებს. კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მთავრობის მიერ ამ მიმართულებით, აღსანიშნავია, სულ ახლახანს დაწყებული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახურის - 112-ის ახალი სერვისი. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის დაინერგა SMS და ვიდეოზარის 24-საათიანი უფასო სერვისი. ეს პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერითა და დახმარებით,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური