საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-15

სირიაში მოხალისეების გადასვლის პრობლემა მსოფლიოს თავის ტკივილია და მსოფლიო ლიდერები ამ დრომდე ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ აღკვეთონ და მოახდინონ პრევენცია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი განმარტებით, პანკისის ხეობა ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და უსაფრთხოების ზომები დაცულია.

"პანკისის ხეობის მიმართ ჩვენი ხელისუფლების ყურადღება გაორმაგებული და გაოთხმაგებულია. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ ხეობის მიმართ. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, არ მინდა წინა ხელისუფლებასთან პარალელი გავავლო, თუმცა შეგახსენებთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია სწორედ წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო. უკანონო შეიარაღებული ჯგუფები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ მთელი ეს ტერიტორია გავაკონტროლეთ. ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. შეგახსენებთ, რომ ხეობიდან 100-ზე მეტი მკვიდრი წინა ხელისუფლების დროს გავიდა სირიაში. ამჯერად სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა და თურქეთის გავლით, სავარაუდოდ, გადავიდა სირიაში. ამის პრევენცია თითქმის შეუძლებელია. ეს არის მთელი მსოფლიოს თავსატეხი," - აღნიშნა პრემირმა.

მანვე მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს სიფრთხილით მოეკიდონ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.

ასევე პრემიერ-მინისტრმა ადეიშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა - ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში და ყველა ის დამნაშავეც, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განმარტებით, ინტერპოლმა თავის დროზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მასალა გაიზიარა.

"თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რატომ უნდა იყოს საინტერესო? ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გააკეთა - ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში და ყველა ის დამნაშავეც, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ციხეში სხედან მერაბიშვილიც, ახალაიაც და სხვებიც, რომლებმაც წლების განმავლობში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დიდი სირთულეები შეუქმნეს. ასე რომ, თუ ინტერპოლის პოლიტიკა არის შეცვლილი, ეს მათი საქმეა. ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას", -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური