საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონული არქივი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-07

პირველი ახალი შენობა საარქივო დოკუმენტებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - რუსთავში დღეს ქვემო ქართლის რეგიონული არქივი გაიხსნა.

ცერემონიას,რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წელს მიეძღვნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ქვემო ქართლის მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მრავალფეროვანი საარქივო მასალა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში 1920-იანი წლებიდან ინახება, შესაბამისად იქნება დაცული.

„ეს არის ძალიან საინტერესო მასალები -საარქივო დოკუმენტები რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალური და კულტურული ყოფის შესახებ; ამ მხარის მკვიდრი ბევრი ცნობილი ადამიანის პირადი ფონდები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა რეგიონში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 5-სართულიანი შენობის საერთო ფართი1558 კვადრატული მეტრია. 968 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია დოკუმენტების საცავი, სადაც 285 000-მდე საარქივო საქმე შეინახება.მშენებლობაზე 2 476 142 ლარი დაიხარჯა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური