საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი EUROMATH 2015-ის მონაწილეებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-07

3

ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ამდენი ნიჭიერი მოსწავლეა და ისინი არათუ ტოლს არ უდებენ ევროპელ თანატოლებს, არამედ, საქართველომ EUROMATH-ის კონკურსზე ყველაზე მეტი საპრიზო ადგილი მოიპოვა ჯამურად,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის მოსწავლეთა მათემატიკური კონფერენ­ციის - EUROMATH 2015 -ის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა EUROMATH 2015-ის ფინალში მონაწილე­ 12 მოსწავლეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„მათემატიკური დარგები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. ეს დარგები მთავრობის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს. დიდი ყურადღება მიექცევა მათემატიკურ-საინჟინრო დარგების, ფიზიკის, ქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და სხვა დარგების განვითარებას სამეცნიერო დონეზე, სამეცნიერო ინოვაციების წახალისებას. აუცილებელია ამ დარგებში კვალიფიციური კადრების მომზადება და ამისთვის საჭიროა მოსწავლეთა ადრეულ ასაკშივე დაინტერესება შესაბამისი დისციპლინებით. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია EUROMATH-ის მსგავსი პროექტები და სასიხარულოა რომ მოდიან ახალგაზრდები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მომავლის განვითარებაში,"-აღნიშნა პრემიერმა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდისთვის და განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია უწოდა.

ევროპის მოსწავლეთა მათემატიკური კონფერენ­ციის - EUROMATH 2015-ის ფინალში მონაწილე­ობის მისაღებად საბერძნეთში გაემგზავრა საქართველოში ეროვნული მასშტაბით ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული12 მოსწავლე. კონკურსი ეროვნულ დონეზე საერ­­თაშორისო ასოციაცია ,,ბალავარის" ორგანიზებით განხორციელდა. საქართველოში ჩატარებული კონკურსი, ისევე როგორც გამარჯვებულთა ფინალურ კონკურში მონაწილეობა, სახელმწიფომ დააფინანსა. ქართველმა მოსწავლეებმა EUROMATH 2015-ის ფინალში სამი მესამე და ერთი მეორე ადგილი მიიღეს. ჯამურად, საპრიზო ადგილების რაოდენობით მათემატიკურ კონფერენ­ციაზე საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური