საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა დაჭრილი პოლიციელი მოინახულა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-06

მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული უფლება, რომ დაიცვათ უსაფრთხოება და პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
დღეს მთავრობის მეთაური გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი პოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა. პრემიერ-მინისტრი პოლიციელის ოჯახის წევრებს და ექიმებს გაესაუბრა.

„დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ექიმებს, რომ 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ შესძლეს მისი გადარჩენა და იმედი მაქვს სტაბილურად წარიმართება მკურნალობა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერმა მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პოლიციელის გამო და ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალთა ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მამის გმირობაზე ოცნებობდა. ეს არის ტრაგედია ჩვენთვის და მინდა გულით მივუსამძიმრო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა თანამშრომელს ღირსეული პოლიციელის დაკარგვის გამო. რაც შეეხება ფაქტის შეფასებას, ეს არის ყოვლად ამაზრზენი, სიტყვები არ მყოფნის ამ არაადამიანური ქმედების შესაფასებლად. კრიმინალმა ჯერ ბორჯომში მოკლა ერთი პოლიციელი, ახლა მეორე. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და მასზე ხელის აღმართვა,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავის დაკავება დროულად მოხდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური