საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-06

საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, ურთიერთობა ნატო-სა და ევროკავშირთან, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრ მირჩა დუშას შეხვედრის მთავარი თემები.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, რუმინელი კოლეგის, ვიქტორ პონტას მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტით მოხარულია.

მხარეებმა ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროპული ინტეგრაციის კურსს, რაც საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა რუსეთთან დეესკალაციის პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პარალელურად ახორციელებს და აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში, პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მოიწვია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში 25-27 ივნისს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური