საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-04

ძალიან დიდ პატივს ვცემ არასამთავრობოებს და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი განცხადება არასწორად იქნა გაგებული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, პრემიერის მიერ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ აინტერესებს, რატომ მიიღო მოსამართლემ ქარხნის დაყადაღების გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის წინაშე დგას 2 500 ოჯახი.
„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, ეს უნდა მაწუხებდეს და გამოვხატე ჩემი წუხილი.საკითხი არასწორად იქნა გაგებული. ისე არ არის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვთხოვე ჩაერიოს. არსებობს დისციპლინარული კომისია და სხვა საშუალებები, რომლითაც შეიძლება იმის გარკვევა, რატომ მოხდა მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილების მიღება. ეს ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის გონებაში ბადებს სერიოზულ კითხვებს და ეჭვებს, ხომ არ დგას ამის უკან რაიმე კორუფციული ინტერესი. როცა კომპანია აცხადებს, რომ 4500 ლარს გადაიხდის და მოსამართლე ამას არ იზიარებს, უკაცრავად, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები. კონსტიტუციაც ვიცით, კანონებიც, მაგრამ ჩემთვის უმთავრესია მოსახლეობის ინტერესები, მათი ბედი და არა ის, ვინ როგორ კითხულობს ჩემს ნათქვამს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური