საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-03

ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დღევანდელ განცხადებებს.
მთავრობის მეთაური მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას საინტერესოდ არ მიიჩნევს.
„ჩვენ ვნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კორუფციული ბრალდების მუხლი წაუყენეს და მისცეს პასუხისგებაში. ჩვენს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ არავის დავაყენებთ კანონზე მაღლა. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს პრივილეგირებული - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, სამინისტროს თანამშრომელი, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და მიდგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" - შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობას მთავარი აქცენტი გადატანილი აქვს რეგიონების გაძლიერებაზე.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები არის უპრეცენდენტო. 10 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგიონებისადმი მსგავსი ყურადღება არ ყოფილა. ჩვენი მიზანია, არსებული რესურსი გონივრულად, ეფექტურად იყოს გამოყენებული, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, რეგიონები გავაძლიეროთ და ფეხზე დავაყენოთ. ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესმენებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური