საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-01

2015 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბდა 106 მლნ ლარით და 2 305 მლნ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,8%-ია, - ბიუჯეტის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბდა 81 მლნ ლარით, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,4%-ია; საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 48 მლნ ლარით, რაც პირველი კვარტლის გეგმის 102,7%-ია; ხარჯვით ნაწილში 97%-იანი შესრულება ფიქსირდება, ხოლო ბიუჯეტიდან კაპიტალურ პროექტებზე გაწეულმა 174 მლნ შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 108,6%-ია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 643 მლნ ლარია, რაც დაგეგმილზე 172 მლნ ლარით მეტია. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ეფექტური მუშაობა და განაცხადა, რომ სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი აქვს - 107%. მთავრობის მეთაურმა ცალკეულ სამინისტროებს გააქტიურებისკენ მოუწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ პროგრესი ყველა უწყებაში სახეზეა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე, რომლის თანახმად, 2015 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,9%-ია; ხოლო მშპ-ს საშუალო რეალური ზრდა იანვარ-თებერვალში 2,7%-ს შეადგენს, რაც რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, დამაიმედებელი პროგნოზია.
„გასულ წელს მშპ-ს წლიური ზრდა იყო 4,8% და ამ მონაცემებით რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ ასევე ვუსწრებთ ისეთ სახელმწიფოებს, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი. ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მთავარ სავაჭრო პარტნიორებში და ნორმალურია, თუ ეკონომიკური ზრდა, საპარტნიორო სივრცის ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპს არ ჩამოუვარდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ინვესტიციების კუთხით გასულ წელს იყო 39%-იანი ზრდა, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია და მილიარდ 270 მლნ დოლარს შეადგენს.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველომ გამოხატა ინტერესი, შეუერთდეს აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკს, რომლის საწესდებო კაპიტალი 100 მლრდ დოლარს აჭარბებს და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რაც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ წინსვლაზე და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების მოცულობამ 2013 წელს 3 მლრდ 210 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 14, 3%-ით, ხოლო გასული 7 წლის საშუალო მაჩვენებელს 35,9%-ით აღემატება. გარდა ამისა, პირველად, საქართველოში აღინიშნა სოფლის მეურნეობის წილის ზრდა მშპ-ში.
პრემიერი ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ 2003-2012 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 3 მილიარდი იყო, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური