საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-01

ჩემთვის ცოტა საწყენია, როდესაც ერთის მხრივ, მიუთითებენ გუნდურობაზე და მეორეს მხრივ, ვისმენთ გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის მუშაობის მისამართით, ჩვენი გუნდის წევრი პრეზიდენტის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი არის მოწოდებული, ყველა ინსტიტუტთან ჰქონდეს ჯანსაღი, კონსტრუქციული ურთიერთობა და პრეზიდენტთან ურთიერთობაში პოზიტიური წინსვლის ინიციატორი ყოველთვის თავად იყო. მთავრობის მეთაურის განმარტებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრების საკითხზე კოალიციამ გასულ წელს იმსჯელა და ახალი საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, აღმასრულებელი ხელისუფლების გამგზავრება ქუთაისში საჭიროდ არ ჩაითვალა.

„ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი და ჩემი პასუხები, ეს არის სირცხვილი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, დრო დავკარგოთ ისეთ საკითხებზე, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის პრიორიტეტული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პრეზიდენტს ჩვენთვის არასოდეს მოუმართავს რაიმე ინიციატივით ან კითხვით, ყოველთვის მე ვიყავი ყველა შეხვედრის ინიციატორი; არასოდეს დასმულა კითხვა, რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო და უშლის თუ არა ვინმეს ხელს. პრეზიდენტს რომ ეკითხა, ნებისმიერ დროს ნებისმიერ დონეზე ამას განვუმარტავდით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეკონომიკური საბჭო და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სამინისტროების ეფექტური კოორდინაციის მიზნით შეიქმნა; პრემიერის განცხადებით, მსგავსი მოდელები აპრობირებულია ისრაელში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში და არსებობს პრაქტიკაც, როდესაც ეკონომიკური და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეების მოადგილეები ერთი და იგივე ადამიანები არიან.

პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელია პრეზიდენტის კრიტიკა, რომ მინისტრები საბჭოების რიგით წევრებად ითვლებიან და მიიჩნევს, რომ მსგავსი შეფასება გაუგებარი და დამაკნინებელია, ვინაიდან საბჭოებს, ისევე როგორც მთავრობის სხდომებს, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

„მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს - როდესაც საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, არავის დაავიწყდეს, ჩვენ ასეთი საუბრით ვაკნინებთ მინისტრების საქმიანობას და უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს. საბჭოს სხდომებზე განიხილება საკითხები, რომლებიც სცდება ერთი რომელიმე სამინისტროს კომპეტენციას და საჭიროა კოლექტიური გადაწყვეტილება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საბჭოს მდივანია ბიზნესომბუდსმენი, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ჩართულობა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ მთავრობას რამდენიმე ათეული საბჭო აქვს, არასერიოზულია.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დანიშნულებას, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ის შექმნილია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის იმ სტრატეგიულ საკითხებზე სამუშაოდ, რომლებიც მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნება. საბჭოს უფლებამოსილებები დეტალურად გაწერილია საქართველოს კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ", რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, როგორც ეკონომიკური, ისე - უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია სწორედ პრემიერ-მინისტრი და კრიზისების მართვაც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეკომენდაცია, მსგავსი სათათბირო ორგანოს შესახებ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჯერ კიდევ 2005 წელს, წინა ხელისუფლებას მისცეს, თუმცა ის არ გაითვალისწინეს.

„2008 წელს კი გამოჩნდა სრული ქაოსი, როდესაც არანაირი კოორდინაცია უწყებებს შორის არ არსებობდა, თბილისის მერი იძლეოდა დავალებებს და შეუთანხმებელ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობამ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ბრიტანეთის, აშშ-ის და ისრაელის საელჩოს ჩართულობით შექმნა.

მთავრობის მეთაური სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საჯარო კრიტიკის გზა აირჩია, მაშინ, როდესაც შეეძლო, პირადად მისთვის დაერეკა.

„ვერ დავიჯერებ, პრეზიდენტს ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია, როდის შეიქმნა ან რას საქმიანობს კონკურენციის სააგენტო; ამით არასოდეს დაინტერესებულან და უაპელაციოდ თქმა იმისა, რომ სააგენტო არაეფექტურად მუშაობს, ძალიან უსამართლოა", - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ტემპებს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არაერთი დადებითი შეფასება აქვს მიღებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა ალექსანდრე ვერშბოუს და ჯეიმს აპატურაის განცხადებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება „გეგმის მიხედვით და ძალიან კარგი ტემპით" მიმდინარეობს.

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ ევროინტეგრაციის ნაწილს პირადად კურირებს და ყოველთვიურად ისმენს ანგარიშს სამინისტროების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

„მთავრობის კომპეტენციაში უხეშად არავინ უნდა ჩაერიოს. მთავრობის საქმიანობაზე კონტროლს განახორციელებს პარლამენტი და მოსახლეობა. მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატის შესახებ გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად გაიხსნა რუსეთის ბაზარი, დაიწყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მოხდა ურთიერთობის დეესკალაცია.

მთავრობის მეთაურისთვის ასევე მიუღებელია სპეკულირება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირების თემითაც, რაზეც პრემიერის ინიციატივით, რამდენიმე თვეა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ და საბოლოო მოდელი საზოგადოებას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარედგინება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური