საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

საქართველო შეშფოთებული ელის რუსეთის რეაქციას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე - Wall Street Journal

საქართველო შეშფოთებული ელის რუსეთის რეაქციას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე


ჯო პარკინსონი

2014-02-25
თბილისი, საქართველო. პროტესტების ტალღამ, რომლებსაც მოჰყვა უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება, განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია საქართველოში - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპასთან დაახლოებისთვის იბრძოდა, მაგრამ მოსკოვთან ბრძოლის საშიშროების წინაშე შეიძლება დადგეს.
სამშაბათს, პროტესტის დროს კიევში (უკრაინა) მოკლული ქართველის დაკრძალვაზე პროცესიას ახლდა საქართველოსა და უკრაინის დროშები.
საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებითა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით. ,,ფეისბუქის" კამპანია ნახა ასობით ქართველმა - მათ შეცვალეს მონაცემებში მშობლიური ქალაქი „კიევად" და ,,მთავარზე" დააყენეს სურათები შავი ფონით, რათა ამგვარად გამოეხატათ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის.
„ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა მათ იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვართ, ვიზიარებთ მათ ბედს, რადგან ჩვენ ორივე ერს ისტორიულად ყოველთვის გვჩაგრავდა რუსეთი", - განაცხადა თამარ გურჩიანმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა იურისტმა და პროტესტის ორგანიზატორმა, რომელიც მართავდა დემონსტრაციებს ერთი თვის განმავლობაში თბილისში.
საქართველო პატარა, მაგრამ კავკასიის მთებში სტრატეგიულად განთავსებული 4,5-მილიონიანი ქვეყანაა. მან ხუთი წლის წინ, რუსეთთან ომის შემდეგ, დაკარგა ტერიტორიები, რასაც ასობით ადამიანი შეეწირა.
სამშაბათს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი აგრძელებს მავრთულხლართების გაბმას ბუფერული ზონის გასწვრივ, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახლოს, რომელსაც მფარველობს მოსკოვი.
„დღევანდელმა მოვლენებმა გააღრმავეს ჩვენი ეჭვები, რომ რუსეთი ემზადება პროვოკაციებისათვის ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერამდე", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან.
იგი გულისხმობდა სავაჭრო და პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც მიმდინარე წელს, მოლდოვასთან ერთად, საქართველოც მოაწერს ხელს. ეს არის იმ ტიპის ხელშეკრულება, რომლის ხელის მოწერაზეც, მოსკოვის ზეწოლით უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა გასული წლის ბოლოს, რასაც მოჰყვა რამდენიმეთვიანი პროტესტი, რომელიც იანუკოვიჩის კრახითა და ათეულობით ადამიანის დაღუპვით დასრულდა.
რუსეთის ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირისა და საქართველოს ლიდერებმა დააჩქარეს ასოცირების საკითხი და ხელმოწერის თარიღი გადმოწიეს სექტემბრიდან აგვისტოსთვის.
საქართველოს ლიდერები ეწვივნენ ვაშინგტონს, სადაც თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ,,მტკიცე მხარდაჭერა" საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ორშაბათს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
„მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ქართველებმაც და სხვებმაც დააჩქარონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მიიღონ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა ამ კრიტიკულ დროს", - განაცხადა სტამბულში ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის საპატიო წევრმა საბინა ფრეიზერ გუნეშმა, - „ახლა არის შესაძლებლობა, რომ ევროპულ დედაქალაქებში ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აღმოსავლეთ სამეზობლო მრძნობიარე ადგილას არის და მას სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება".
მოსკოვი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ზეგავლენა იმ ქვეყნებზე, რომლებზეც დომინირებდა საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით იქ, სადაც მრავალრიცხოვანი ეთნიკურად რუსი საზოგადოებაა და თანაც მისი ენერგომილსადენები გადის.
თავისუფლებისათვის ბრძოლა უკრაინაში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის ტელევიზიამ გააშუქა როგორც უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი პროტესტები და უკიდურესად მემარჯვენე გადატრიალებები. მეზობელი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელმაც მოსკოვის საბაჟო კავშირში შესვლას ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ამგვარი პროტესტები ვერ იქნება.
ამ ვითარებაში, საქართველოში ღელავენ კრემლის მხრიდან მოსალოდნელ წნეხზე.
„არ გამოვრიცხავთ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გაძლიერებას, რადგან მოსკოვს ეშინია, რომ დაკარგავს გავლენას. ჩვენ არ ველით ინტერვენციას, მაგრამ ვიცით, რომ მათ აქვთ უამრავი ბერკეტი და ეს არის საგანგაშო ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ფორჩხიძემ, სტრატეგიული კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა.
კიევში მინდინარე საპროტესტო მოვლენებისას ბატონი ღარიბაშვილის მთავრობა თავს იკავებდა მკვეთრი განცხადებებისაგან, რომლებსაც შეეძლო მოსკოვის გაღიზიანება გამოეწვია. თუმცა აცხადებდა, რომ რუსეთს არა აქვს იმდენი ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ, როგორიც აქვს უკრაინის მიმართ.
საქართველოს მიმართ სავაჭრო ემბარგოების გამო შემცირდა რუსეთის ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ოფიციალური მონაცემებით, გასული წელს საქართველოს იმპორტის შემცირების გამო რუსეთმა დაიკავა 7%-ზე ოდნავ ნაკლები. უკრაინისათვის რუსეთი ერთადერთი დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა 28-ქვეყნიანი ევროკავშირი გაცილებით დიდია. რუსეთი ასევე აწოდებს უკრაინას ბუნებრივი აირის ნახევარზე მეტს.
საქართველოს კავშირები რუსეთთან თანდათანობით გაუმჯობესდა 2011 წელს, ღარიბაშვილის კოლიციის ,,ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. წელს რუსეთმა გააუქმა 2006 წელს შემოღებული აკრძალვები ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და ხილის იმპორტზე.
თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები არ იქნა აღდგენილი. რუსეთი კვლავ აკონტროლებს ორ სეპარატისტულ რეგიონს, რომელთა დამოუკიდებლობასაც მხოლოდ თვითონ უჭერს მხარს.
საქართველოსთვის უკრაინის მხარდაჭერა არ არის ახალი. ამ ორ ქვეყანას აერთიანებდა მჭიდრო კავშირი 2003 და 2004 წლებში - რევოლუციების შემდეგ. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერდნენ ერთმანეთს მოსკოვის გარკვეულ დისტანციაზე ყოლაში.
ამჯერად ეს მხარდაჭერა სიმბოლურზე მეტი იყო: ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ორი საქართველოს მოქალაქე კიევში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებში დაიღუპა.
„ხალხი კიევში მხოლოდ უკრაინისთვის არ იბრძოდა, ისინი საქართველოსათვისაც იბრძოდნენ. ჩვენ ორივე ერმა, ვიბრძოლეთ მრავალჯერ, რათა აგვერჩია საკუთარი გზა", - განაცხადა აჩიკო გულედანმა, მუსიკალურმა პროდიუსერმა, რომელიც დახმარებას უწევდა სოლიდარობის საპროტესტო აქციებს.
„ჩვენი გული მუდმივად იყო მაიდანზე... იქ ჩვენი ქვეყყნის მომავალიც წყდებოდა", - ამბობდა ა. გულედანი.

ორიგინალი: http://online.wsj.com/news/articles/SB10001424052702303880604579405190753044638