ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებას

2014-06-27

27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ. ხელშეკრულებაზე ხელი ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მეთაურებმა.
ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის გარანტი რეგიონში.
„მინდა ამ დღეს ემოციები და გრძნობები გაგიზიაროთ ჩემ მშობლიურ ენაზე.
დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ! ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს! დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. ამ დღეს დიდხანს ელოდა ჩემი ქვეყანა. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა აფხაზ და ოს ძმებსაც მიმართა და მათ ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა შესთავაზა.
"ჩემო თანამემამულენო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ, დღეიდან, ჩვენთან ერთად, ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოვებას მოაქვს,"-აღნიშნა პრემიერმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში დაწყებულ ახალი ეტაპზე და განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები.