საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

ერთობლივი ბრიფინგი ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-11

ჩვენს ქვეყნებს კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს, რაც ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მტკიცე საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო და სომხეთი, განსხვავებული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორების მიუხედავად, მზად არიან, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებასა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ჰოვიკ აბრაჰამიანმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური