საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-09

ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი გმირი - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა დაღუპული ქართველი გმირების ოჯახს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის როლზე, რომლის დახმარებითაც სოხუმიდან ცხედრების გადმოსვენება გახდა შესაძლებელი.

პრემიერის განცხადებით, ბაბუშერას სასაფლაოზე დაკრძალული გმირი მებრძოლების ცხედრების ეგზჰუმაციისთვის დიდი სამუშაო ჩატარდა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და უახლოეს დღეებში 12 ცხედრის იდენტიფიცირების შესახებ გახდება ცნობილი.

„ჩვენი მთავრობის დამსახურებაა ის, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გართულებული ურთიერთობების ფონზე, ჩვენ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით შევძელით და 30 გმირის ნეშტი გადმოვასვენეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური