საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე - ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები ამოსაბეჭდი ვერსია

2014-03-27

გამოსვლა

" მე ახლახან დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზოსთან და ბატონ რომპუისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისის თვისა. სულ მალე, ივნისის თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი - საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენიმხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე-"ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან" სიტყვით გამოსვლისას.

მან ევროინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის მის გაწევრიანებას ევროკავშირში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს და გამორიცხული არ არის, რეგიონში ვითარება უკონტროლო გახდეს.

"მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე კონფერენციის მონაწილეებს პოლიტიკის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სფეროებში განხორციელებული ძირითადი რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ რეფორმების განხორციელებით ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ისაუბრა ეკონომიკური განვითარების კუთხით გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ხელისუფლების მზაობა - განახორციელოს თანამიმდევრული რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში.

"მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის - ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის. მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბულგარეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, დანიელა ბობევამ კონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირში ინტეგრაცია მომგებიანი იქნება საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებითაც. ბულგარეთის ვიცე-პრემიერის განმარტებით, ევროპულ გზაზე მოსალოდნელია გამოწვევები, თუმცა დარწმუნებულია, რომ ქართველმი ხალხი უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებს. „ევროკავშირი იყო საუკეთესო არჩევანი ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება თქვენი ეკონომიკისა და კულტურისთვის. საქართველოში სახეზეა ძალიან დიდი პროგრესი და გიდასტურებთ ყველაზე დიდ მხარდაჭერას, რომელიც ბულგარეთს საქართველოსადმი ოდესმე გამოუხატავს", - აღნიშნა დანიელა ბობევამ. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმაც მიმართა. მისი განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია ქართულ ბიზნესა და ევროპულ ბიზნესს შორის აქტიური კონტაქტის და კომუნიკაციის კიდევ ერთი შესაძლებობას იძლევა. „მიმყარდება რწმენა, რომ ძალიან მალე სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. "პრეზიდენტ ობამას განცხადება ადეკვატურია და აბსოლუტურად ასახავს რეალობას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოსახლეობისთვის ილუზიების შექმნა მიუღებელია, ვინაიდან ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება. "ჩვენთვის მიუღებელია მოსახლეობისთვის ცრუ მოლოდინების შექმნა და შემდეგ მოსახლეობის იმედგაცრუება. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, გავაგრძელოთ რეფორმები და გზა ევროკავშირისკენ. ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინები მცდარი არ უნდა იყოს. შესაბამისად, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ის, რაც რეალობაა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებზე განმარტებას პროკურატურა გააკეთებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მოწმის პროკურატურაში დაკითხვის გარდა არსებობს ვიდეოდაკითხვის ეტაპი სასამართლოში. "ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, ევროპული სტანდარტი, თუმცა სამართლებრივ პროცედურებს დეტალურად პროკურატურა განმარტავს. რაც შეეხება კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი დასაკითხად დაბარებულია ერთდროულად 10 საქმეზე, ჩემი ინფორმაციით, ამ თემებზე გამოძიება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და გამოძიება დადგა სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, ვიდრე 10 საქმეზე ცალ-ცალკე, 10-ჯერ დაბარება დაკითხვაზე",- განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ნდობის ჯგუფის შექმნის შესახებ, პრემიერი ამას ცინიზმად აფასებს და განმარტავს, რომ ეს იგივეა, ცხვრის ფარას მწყემსად მგელი დაუყენო." მათ თუ სურდათ ამ საქმეების გამოძიება, ამისთვის ჰქონდათ 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

1

მოგესალმებით, ბატონებო!

მივესალმები პატივცემულ სტუმრებს,

მივესალმები საერთაშორისო კონფერენციის ყველა მონაწილეს. მიხარია, რომ აქ ვხედავ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ისე არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლობით დელეგაციებს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა თბილისში.

დღევანდელი ჩვენი შეკრება, ეს კონფერენცია საშუალებას მაძლევს, კიდევ ერთხელ გამოვხატო საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ვილაპარაკო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.

უკვე არაერთხელ, სხვადასხვა ტრიბუნიდან და, მათ შორის, ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური განცხადებები საქართველოს ევროპული არჩევანის, მისი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. დღეს კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა - აქტიური ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - არის ევროპის სახელმწიფოთა ოჯახში დაბრუნების გზა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები.

ევროპულ იდეას მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია. ეს იდეა დღეს უკვე საერთო ეროვნულ იდეად იქცა.

ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის შეუქცევადი პროცესია. ჩვენ, ხელისუფლებასაც და ხალხსაც კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ ევროპაშია საქართველოს ადგილი ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენ გადავედით სრულიად ახალ ეტაპზე ევროკავშირთან ურთიერთობაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს. გამორიცხული არ არის, ასეთი კრიზისები უკონტროლო გახდეს და მთელი რეგიონიც კი მოიცვას.

მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. და ამისათვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ.

ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ ძირითადი რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სოციალური უზრუნველყოფის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას.

ამ რეფორმების განხორციელებით ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გარდა ძირეული დემოკრატიული რეფორმებისა, საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ზოგადად ეკონომიკის ზრდის კუთხით.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, არის მთავარი გეგმა, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების გარდა, ეს შეთანხმება ეკონომიკური ინტეგრაციის უპრეცედენტო პერსპექტივას აძლევს ქვეყანას.

ჩვენ მივესალმებით ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან და მზად ვართ გადავლახოთ ეს სირთულეები.

ამისათვის წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები და დავსახეთ ღონისძიებები, რომლებიც აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს თანამიმდევრული რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, რათა ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის - ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის. მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნებთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ტრანსპარანტულობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები.

მომსახურებით ვაჭრობის სფეროში კანონმდებლობის დაახლოება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე დაშვების უკეთესი პირობების მიღებას.

მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ადვილი ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების საქართველოში დანერგვა, აღნიშნული პროცესი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში არიან ჩართული. ეტაპობრივად უნდა მოხდეს მათი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებადი ეკონომიკური და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებები სათანადოდ გამოიყენებენ ამ ახალ რეალობებს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს სიკეთესა და კეთილდღეობას მოუტანს როგორც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ისე ქართულ ბიზნესს.

ჩვენ მზად ვართ, უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ რეფორმების გატარება და შევქმნათ მყარი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელბლად.

ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, დროულად დავასრულოთ „ასოცირების დღის წესრიგის" შემუშავება. გვჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ ევროკავშირის მხრიდან.

ბატონებო!

საქართველოს დღევანდელი ამოცანაა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა. როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გვპირდებიან, სულ მალე, რამდენიმე თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი - საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენიმხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამმიზნის მისაღწევად.

მე ახლახანს დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზოსთან და ბატონ რომპეისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისისა.

გმადლობთ ყურადღებისათვის.
წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ.


2