საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა

დასრულდა ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის გაფართოების სამუშაოები, რის შემდეგაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

პროექტი TAV Georgia-მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად როგორც ქუთაისის, ისე ბათუმის აეროპორტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აეროპორტის გაფართოება დღის წესრიგში დადგა ქვეყანაში მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო. 2019 წელს ბათუმის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. 

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალი შენობა როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 კვ.მ-დან 8000 კვ.მ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეიერული სისტემა და დამონტაჟდა დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14-მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები ჩამოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი, 6-დან 8-მდე გაიზარდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, საერთო ჯამში, მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ.

სამშენებლო სამუშაოებში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.