საქართველოს მთავრობა – სიახლეები

წყალტუბოში იუსტიციის სახლი შენდება ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-13

წყალტუბოში სულ მალე იუსტიციის სახლი გაიხსნება.

იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა წყალტუბოს მცხოვრებთ უახლოეს ხანში შეეძლებათ.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება შესაძლებლობა, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს.
წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.
წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ფილიალებს შორის, რომელიც 2021 წელს გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი. მშენებლობა მიმდინარეობს ასევე გარდაბანში, ხაშურსა და სამტრედიაში.
სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო.

დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ 7 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ბოლნისისა და ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ.