საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ბორჯომში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-11

2022 წლისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი პროფესიული კოლეჯი ექნება. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე პროფესიულ განათლებას უახლესი სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან. კოლეჯში დაინერგება როგორც მოკლევადიანი, ისე მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებებსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავებისა და სხვადასხვა ხელობის მიმართულებებზე.

კოლეჯში ლაბორატორიები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ისე კერძო სექტორთან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წელს აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა პროფესიულ სასწავლებლებს ქუთაისში, შუახევში, მარნეულში, ჩოხატაურში, კასპსა და თელავში. პროცესი გრძელდება და 2021 წლის ბოლომდე საქართველოს კიდევ 11 ქალაქს ექნება ახალაშენებული/რეაბილიტირებული პროფესიული სასწავლებელი.