საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ხაშურში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-10

ხაშურში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს შესთავაზებს. ეს იქნება როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები, მათ შორის: ელექტროობა, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 9 მლნ ლარზე მეტია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.

პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ პროფესიული სასწავლებლების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, რაც მუნიციპალიტეტებში პროფესიული კოლეჯების მშენებლობასა და რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვას გულისხმობს. შედეგად, არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მიიღონ პროფესიული განათლება. ამისათვის სამინისტრო პროფესიული კოლეჯების, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო სივრცეებს გამოიყენებს. გარდა ამისა, პროფესიულ განათლებაში აქტიურად ერთვება კერძო სექტორი და პროგრამების შემუშავებისას ხდება მათი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინება.