საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა! ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-10

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით." - ამ სიტყვებით იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელსაც ხელი 1948 წლის 10 დეკემბერს მოეწერა.

საქართველოს კონსტიტუცია იზიარებს ადამიანის უფლებების დაცვის უზენაეს ღირებულებას და სამართლის წინაშე თანასწორობას. ადამიანის უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში უცვლელი პრიორიტეტია.

საჯარო უწყებების კოორდინირებული საქმიანობით, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ყოველწლიურად უმჯობესდება საჯარო სერვისები და იქმნება მეტი სისტემური გარანტიები ადამიანის უფლებებით ეფექტური სარგებლობისთვის.

2020 წელს მოხდა პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედი ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქციური გაძლიერება. ასევე, გაიზარდა საბჭოს მუშაობაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლობა, კერძოდ, გაორმაგდა საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომელიც დასკვნით ფაზაშია.

პანდემიისას სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოქალაქეთა მხარდაჭერაზეა მორგებული.

კრიზისის დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობა იღებდა პროაქტიულ ზომებს მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებების დასაცავად. მათ შორის, უზრუნველყოფდა: წვდომას ინფორმაციაზე, ძირითად საარსებო მხარდაჭერაზე, საჯარო სერვისებზე, მათ შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, ხანდაზმული მოქალაქეებისათვის შინმოვლის სერვისების გაფართოებას, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და აკეთებდა ყველაფერს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დასაცავად.

პანდემიის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობის, მისი უშუალო ჩართულობისა და მხარდაჭერის შედეგად გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა და შესაბამისი რეაგირება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულების ფაქტებზე.

2020 წელს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება.

განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განახლდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი და გაიწერა სპეციალური ინსტრუქცია. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით შემუშავდა დისტანციური სწავლების კურსი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესთან დაკავშირებით და ინტენსიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება.

გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და სამინისტროს ყველა ტერიტორიული ერთეული მოიცვა.

სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, მიღებულ იქნა კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ", რომელმაც შექმნა დამატებითი გარანტიები არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა არაერთი ღონისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ბავშვობის ასაკში ქორწინების, სექსუალური შევიწროების შესახებ. ასევე დისტანციურ რეჟიმში ინტენსიურად გაგრძელდა თანამშრომელთა გადამზადების პროცესი.

ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გაფართოებული მანდატის საფუძველზე, სისტემაში გაჩნდა გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი. განგრძობადი მონიტორინგისა და შედეგების სიღრმისეული ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახდა გამოძიებაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავება საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

2020 წელს დაიწყო საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვა. შედეგად, შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები პირველ ეტაპზე ცხრა საჯარო უწყებაში დაინერგება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2014 წელს ხელი მოაწერა „სტამბულის კონვენციას", რის შემდეგაც სამინისტროში მომზადდა და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. 2017 წელს კონვენციის რატიფიკაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის ეროვნული მექანიზმები. წელს კი საქართველომ წარადგინა პირველი ეროვნული ანგარიში სტამბულის კონვენციის აღსრულებასთან დაკავშირებით.

ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტები, დაამტკიცა.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობისთვის გამოიყენება.

პანდემიის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდათ სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისები.

ძალადობისგან თავის დასაღწევად, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ უფასო იურიდიული, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ასევე, საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116006. ცხელ ხაზზე 116 006 - ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის და სექსუალური ძალადობის, ასევე ტრეფიკინგის საკითხებზე კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. დარეკვა 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია, ზარი უფასო და ანონიმურია.

ძალადობის პრევენციის მიზნით, რეგულარულად მიმდინარეობს ღონისძიებები განათლებისა და სოციალურ სივრცეებში. მათ შორის ონლაინ და დისტანციური სწავლის პირობებშიც.

სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ძალადობის ისეთ ფორმებთან ბრძოლა, როგორიცაა ბავშვობის ასაკში ქორწინება და სექსუალურ შევიწროება. მიმდინარეობს მუშაობა ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის კონცეფციასა და საკომუნიკაციო სტრატეგია.

პანდემიის დაწყებისას, შემუშავდა COVID-19-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია და ოჯახში ძალადობის მომატებული რისკების საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ.

საქართველო ყოველწლიურად უერთდება გლობალურ 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. წელს 30-ზე მეტი საჯარო უწყება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე შეუერთდა კამპანიას, რომელიც მიზნად საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ისახავდა.

2020 წლის ივლისში საქართველოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა. კანონი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით და შშმ პირების ჩართულობით შემუშავდა.

ახალი კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა.

მიმდინარეობს მუშაობა შშმ პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2020 წელს შშმ პირთათვის პროფესიული გადამზადების პროექტი დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს შშმ პირთა ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაზრდას პროფესიულ განათლებაში ერთი მხრივ, პროფესიული მომზადების ახალი კურსების შექმნისა და ადაპტაციის, ხოლო მეორე მხრივ, ინკლუზიური განათლების გაძლიერების გზით.

გრძელდება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური კოდექსის ეფექტიანი აღსრულება.

სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო 14 წლამდე ასაკის ბავშვთა რეფერირების ცენტრმა, რომლის მიზანიც რთული ქცევის მქონე ბავშვის (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ოჯახის წევრის) შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვაა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც ქ. თბილისის მასშტაბით, ბრალდებული და დაზარალებული არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას;

2016 წელს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად. კანონმა შემოიტანა ცნება „მიუსაფარი ბავშვი", რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას. ახლებურად რეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და მათთვის დოკუმენტები უფასოდ გაიცემა. დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ კი მათ საშუალება აქვთ მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისაგან დაცვის მიზნით 2021-2025 წლების სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი შესრულების 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმაზე.

2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილება „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების" შესახებ. აღნიშნული დადგენილება ხელს შეუწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის სწრაფი დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას.

პანდემიის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი შეიქმნება.
2021 წლის განმავლობაში ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე მორგებულ გარემოში.

2020 წლიდან ამოქმედდა ბავშვთა უფლებების უფასო ცხელი ხაზი 111, რომელიც მოიცავს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირებას და რეაგირებას. ცხელი ხაზი 111 ახორციელებს ინდივიდუალურ და სიტუაციურ რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას. შესაძლებელია ბავშვის და მშობლის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღება, როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ კონსულტაციის სახით.

ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბულინგის აღმოფხვრის მიზნით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აგრძელებს მუშაობას ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და სასკოლო გარემოში ჩართულ სხვა პირებთან. მათ შორის, 24-საათიანი ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებით და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფუნქციონირებით.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრების მიზნით, ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაემატა თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე მუშაობა.

დისკრიმინაციის აღმოფხვრის, მიმღებლობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა, მათ შორის ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაიწყო თანამშრომელთა კასკადური გადამზადების პროცესი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიების საკითხებზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამომძიებლების მიერ დანაშაულის გამოძიების ეტაპზე დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა.

დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ერთიანი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის შედეგადაც 2021 წლიდან გაუმჯობესდება მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგია.

ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით, 2021 წლის იანვრიდან პენსიების ინდექსაციის წესი ამოქმედდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე და ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა.

ამის გარდა, 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზარდა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%)

დღეს-დღეობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ქუთაისის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში „60 + კლუბები" ფუნქციონირებს. კლუბები ხანდაზმული ადამიანების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო წლებში გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიუძღვის. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს შეადგენს.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერას, მათ თანასწორ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას.

გაძლიერდა და გაფართოვდა ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები და ხელმისაწვდომი გახდა ყველა დაინტერესებული სეგმენტისათვის და ასაკობრივი ჯგუფისათვის.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით წარმატებით მოქმედებს "ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა" (ე.წ. "1+4 პროგრამა"), რაც არის უმაღლესი განათლების მიღების გამარტივებული საშუალება.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში წარმატებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოები, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობას.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა საჯარო უწყებებში გაიარონ სტაჟირება, რაც ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას დასაქმების პროცესში და სამოქალაქო ინტეგრაციას.

წარიმართა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ, განათლების, ადამიანის უფლებების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

ადამიანის უფლებების საკითხებზე საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით 2020 წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება განხორციელდა.

მათ შორის იყო ადამიანის უფლებების თემებზე საჯარო მოხელეთა ფორუმები, ვებინარების სერიები, შეხვედრები საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვ.

პანდემიის მიუხედავადა, 2020 წელს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფო სერვისების მისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. სულ ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

2013 წლიდან დღემდე 82 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. სულ ქვეყნის მასშტაბით 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

2015 წლიდან იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილ ქართული ენის კურსებს ატარებს. სწავლების მიზანია, ენობრივი ბარიერების შემცირებით ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას თანამოქალაქეებთან, გააუმჯობესოს მათ მიერ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და დასაქმებაში. 2015 წლიდან დღემდე ენის კურსი 300-მდე მონაწილემ გაიარა.

პატიმართა უფლებების დაცვისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს შეიქმნა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2012 წლიდან დღემდე მომსახურებით ისარგებლა 2844-მა ბენეფიციარმა. გარდა ამისა, დღემდე იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 142 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 28 ქალის) ბიზნესიდეა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2019 წლის გაზაფხულზე N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ. დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ შორის უვადო პატიმრებს, დაწესებულების ეზოში მოწყობილ მიწის ნაკვეთზე მოჰყავთ მოსავალი, რომელიც ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ქსელში, ასევე ონლაინ მაღაზიაში https://soplidan.ge/ იყიდება. მსჯავრდებულების მოყვანილ მოსავალს რამდენიმე რესტორანიც ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულების შემოსავალს წარმოადგენს.

2020 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი)" შესახებ. აღნიშნული წესის მიზანია სამინისტროს სისტემაში სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მრავალმხრივი რისკების მართვა, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებითა და მსჯავრდებულის/ყოფილი პატიმრის ჩართულობით.

მსჯავრდებულების სურვილებისა და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების გათვალისწინებით იგეგმება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება და გადამზადება.

საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, 2016 წელს დაწყო და დღემდე გრძელდება მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მომართვიანობა საშუალოდ 5-ჯერ გაიზარდა.

2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 900 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. რეფორმის ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით იმავე ფართობის მიწა დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში, ანუ 2016 წლამდე იყო რეგისტრირებული.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ყოველწლიური კვლევით (Doing Business), რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით სწავლობს, ბიზნესის დაწყებისა და ქონების რეგისტრაციის კომპონენტებში, რაც ქვეყანაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს ტოპ-ათეულში: ბიზნესის დაწყების კომპონენტით საქართველო 2012-2013 წლების რეიტინგებში მე-7 ადგილზე იყო, 2020 წლის რეიტინგის მიხედვით კი მეორე ადგილზე.

2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა ინოვაციური კანონმდებლობა მედიაციის შესახებ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო დავებისაგან სასამართლოს განტვირთვისათვის.

კანონი უზრუნველყოფს მედიაციის განვითარებას და მორიგების გზით დავების გადაწყვეტას, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მედიატორის პროფესიის განვითარების მიზნით შეიქმნა საქართველოს მედიატორთა ასოციაცია.

იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში.

2012 წლის ოქტომბრიდან აქტიური მუშაობა გაგრძელდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივრებზე.

2014 წლის 3 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობისაა და მასში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეთნიკური ქართველების დაკავების, დაპატიმრებისა და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევების კოორდინირებულ პოლიტიკას, ხოლო პატიმრობისას ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ.

2019 წლის 31 იანვარს ამავე საქმეზე საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო და სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.

მეორე საჩივარზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომისას რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, 2018 წლის 23 მაისს დასკვნით სხდომაზე ჩვენი მოქალაქეების ეთნიკური წმენდის, წამებისა და შელახული უფლებების დასაცავად იუსტიციის სამინისტრო ღირსეულად წარდგა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ამ პრეცედენტული საქმის მოსაგებად საქართველომ წარადგინა 700-მდე მყარი მტკიცებულება და დოკუმენტი სამართლებრივ ანალიზთან ერთად, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია.

ასევე, აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ჰააგის სასამართლოსა და პროკურორის ოფისთან აგვისტოს ომის საქმეზე. როგორც საქმის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, არ არის გამორიცხული მისი როგორც ჰააგის პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს.

დასასრულს უახლოვდება მუშაობა აღსრულების ახალ კოდექსზე.

რომლის მიზანია აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. კოდექსის მიღება მოემსახურება, ერთი მხრივ, ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნას, მეორე მხრივ, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას.

შემუშავებულია და 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება გადახდისუუნარობის სფეროს მომწესრიგებელი ახალი კანონი.

კანონით ჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები, ერთი მხრივ, კრედიტორების, მეორე მხრივ კი - მოვალეთა მოვალეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.