საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროსაბჭოს წარმატებული ქვეყნების სიაშია

2020-11-13

პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროსაბჭოს წარმატებული ქვეყნების სიაშია.

ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ორი ანგარიში ევროპულ ქვეყნებში covid-19-ის გავლენასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციაზე.

პირველი ანგარიში - „პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, covid-19-ის მოკლევადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე" - მოიცავს 2020 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდს. ამავე ანგარიშში, საქართველო, მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პენიტენციურ სისტემაში covid-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საქართველოსთან ერთად ასეთი ქვეყნებია : ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია და სან მარინო

მეორე ანგარიში - „პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, covid-19-ის საშუალოვადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე" - 2020 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მოცემულ კვლევაშიც საქართველო სტაბილური ქვეყნების რიგებშია და ისეთი ქვეყნების გვერდით ინარჩუნებს ადგილს, როგორიცაა ავსტრია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ევროპის საბჭოს შეფასებების ბოლო საანგარიშო პერიოდიდან (2020 წლის 15 სექტემბერი), თითქმის ორი თვეა გასული და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შესაძლო შეღწევის წინააღმდეგ 2020 წლის მარტის დასაწყისიდან სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური პრევენციული ზომების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა კვლავ წარმატებით ართმევს თავს covid-19-თან ბრძოლას.