საქართველოს მთავრობა – სიახლეები

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-26

85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა.

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია მომსახურება საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით გამარტივებულ მომსახურებას და სახელმწიფო პროგრამებზე წვდომას ყველასთვის, ვინც არის ანდა ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი. მომსახურება საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით.

ახალგახსნილი ცენტრი ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების - ასპარის, განძის, გორელოვკის, დიდი და პატარა კონდურის, დილიფის, დიდი და პატარა ხანჩლის, ეფრემოვკის, ვლადიმიროვკის, თორიას, კათნატუს, მამზარის, ორლოვკის, ოროჯალარის, პატარა არაგიალის, პატარა ხორენიის, ჟდანოვაკანის, როდიონოვკის, სათხის, სამების, საღამოს, სპასოვკის, ტამბოვკის, უჩმანის, ღაურმის, ღულალისის, ჯიგრაშენის, ჰეშტიის - 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურში, ადიგენსა და ასპინძაში.

2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროსა და ასპინძაში.
მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

► მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/