საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ყვარელში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-28

თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო, კახეთის რეგიონის, დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.

კახეთის რეგიონში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალფასიანი პროდუქტი.

დღეის მონაცემებით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით ამოქმედდა 225 ახალი და გაფართოვდა 986 საწარმო. (ცხელი ხაზი: 1501)

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/​