საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა კიდევ უფრო იზრდება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-28

ტურიზმის სექტორზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად და სექტორის მაქსიმალურად მხარდასაჭერად, პროგრამაში აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა:

ტურისტულ ინდუსტრიაში მოიხსნება ლოკაციური შეზღუდვა - მოქმედი პროგრამით განსაზღვრული იყო ტურისტული სერვისების ინდუსტრიის გავრცელების 14 კონკრეტული ლოკაცია, ცვლილების შემდეგ კი ეს კომპონენტი გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

სასტუმროებისთვის და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიისთვის სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობის ფაქტი - კომპანიას ექნება შესაძლებლობა სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართობზეც

გარდა ამისა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატა 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები, კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/