საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ბაღდათში გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-27

რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ბაღდათში გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების - დიმის, ვარციხის, ზეგნის, პირველი და მეორე ობჩის, ნერგეეთის, როკითის, როხის, საკრაულის, ფერსათის, წითელხევის, ხანის და სხვ. - 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია მომსახურება საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით გამარტივებულ მომსახურებას და სახელმწიფო პროგრამებზე წვდომას ყველასთვის, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი. მომსახურება 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ უკვე 82 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლშია ხელმისაწვდომი, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი.

ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურასა და ვანში.

2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ასევე გაიხსნა ჩოხატაურში, ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანსა და ხარაგაულში. მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/ge/centers