საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-27

პენსიონერებისთვის კომფორტული მომსახურებისა და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით.

დღემდე პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ირიცხებოდა და პენსიონერებს პენსიის ასაღებად უხდებოდათ გრძელ რიგში დგომა, რაც ერთის მხრივ დიდი დისკომფორტის, მეორე მხრივ კი მათი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია.

ამ საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს მთავრობამ „ლიბერთი" ბანკთან თანამშრომლობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 სექტემბრიდან შეიცვალოს პენსიის გაცემის წესი და პენსია ჩაირიცხოს წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე - რომელიმე ერთი კონკრეტული თარიღით. ჩარიცხვა გაგრძელდება შერჩეული თარიღის მიხედვით.

ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: www.myliberty.ge, ასევე, ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში. იქ, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი.

შედეგად, ბანკში ვიზიტისას გადანაწილდება ნაკადები, შემცირდება მობილობა და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ მიიღონ.