საქართველოს მთავრობა – სიახლეები

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-26

პრემიერ-მინისტრის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.

შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ გამოიყენებს.

ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.

დახმარება გაიცემა, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს:

ადგილობრივ თვითმმართველობებს,

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;

„ლიბერთი ბანკის" ფილიალებს.

რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.