საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე, სადაც დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.

ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან. ტრანზიტული მოძრაობა სრულად განხორციელდება ახალ გზაზე.

გზის ამ მონაკვეთზე მგზავრობის დრო განახევრდება.

ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ნაწილია. ჩუმათელეთის შემოვლითი გზის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით ტრანსპორტი გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში,

სულ, აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

საერთო ჯამში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის აშენების შემდეგ, თბილისიდან, რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წუთამდე შემცირდება. გზის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები სრულად იქნება დაცული.

იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით.

საერთო ჯამში, 2020 წელს 70 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება, რაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვან პროგრესია. რის შედეგადაც, მალე, თბილისიდან ბათუმამდე გზა 1 საათით შემცირდება.