საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პროგრამას ,,დანერგე მომავალი'' კომპონენტი ემატება ამოსაბეჭდი ვერსია

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი" კომპონენტი ემატება, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

დაფინანსდება ბაღების გაშენების კომპონენტით განსაზღვრული ნებისმიერი მრავალწლიანი კულტურის ნერგი, მათ შორის ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა), დასაშვებია ასევე დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ნერგების ჩანაცვლება სხვა მრავალწლიანი კულტურის ნერგებით.

► დაფინანსება შეეხება 2020 წლის 15 ივლისიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას. ჩანაცვლება განხორციელდება არაუმეტეს 50 ჰა მიწის ფართობზე,

► კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით.

► თანადაფინანსება გავრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი

► დაფინანსების მისაღებად, სტიქიური მოვლენების შედეგად მრავალწლიანი სავარგულების დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში უნდა წარადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტაცია.