საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-17

პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა.

Fitch-ის პოზიცია ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესგარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.

ორგანიზაცია თვლის, რომ მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ის ღონისძიებები იქნება, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით - კრიზისის განმავლობაში, ეკონომიკური პოლიტიკის საიმედო და თანმიმდევრულმა ​ჩარჩომ ​ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ წინა შეფასების შემდგომ, Fitch-მა შეამცირა ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ის, იაპონიის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა,კანადის სუვერენული რეიტინგი.

საქართველოს მიმართ შეფასებაში, აქცენტია გაკეთებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობაზე , რომელთანაც პროგრამის 2021 წლის აპრილამდე გაგრძელება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის საიმედოობასა და მთავრობის მისწრაფებას - გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები.

Fitch-ის შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება.

სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება პოზიტიური ფაქტორია, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას საქართველოს მიმართ და დადებითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე.