საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გამოსაცდელები გამოცდის დაწერას პირბადის გარეშე შეძლებენ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-02

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა.

გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცემათ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა, რის საშუალებასაც მაგიდებზე არსებული დამცავი ფარები, თერმოსკრინინგი, შესაბამისი დისტანციის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა.

ასევე, ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა - დაზუსტდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით
ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

  • ფიზიკური დისტანცია;
  • დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
  • რესპირატორული ეტიკეტი;
  • ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე
  • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;

 


გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

ნიღაბი საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ:

  • სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
  • საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
  • სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
  • კონდიციონერის მუშაობისას.

 

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С - ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

► 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
► მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.