ბექა დოჭვირმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი შუამდგომლობა წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-21

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი შუამდგომლობა წარადგინა.
 
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანა იმყოფება ისეთ ეტაპზე, როდესაც რეკომენდაციების გაცემა არ არის საკმარისი და არ გვაქვს ფუფუნება იმისათვის, რომ ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.
„ამიტომ, მივმართეთ შუამდგომლობით პრეზიდენტს, რომ გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
 
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეფექტურად და დროულად  განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობა საჭიროდ ჩათვლის იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შემცირება და პრევენცია.
 
„მინდა მოგახსენოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ის მიზეზები, თუ რატომ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ შუამდგომლობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ, პირველივე წუთებიდან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად  განახორციელა პრევენციული ღონისძიებები. პირველად 2020 წლის 28 იანვარს უკვე შედგენილ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც შესაბამის უწყებებს დაევალათ კონკრეტული ქმედებების განხორციელება. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 2020 წლის თებერვალს დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა არაერთი პრევენციული ღონისძიება - გადაიდო სწავლის პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე  მოხდა საგაზაფხულო გაწვევების გადავადება 2020 წლის 13 აპრილამდე. ასევე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს მთავრობა გასცემდა რეკომენდაციებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა, განეხორციელებინათ და შეესრულებინათ გარკვეული ქმედებები", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
 
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოში დეკრეტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. როგორც ბექა დოჭვირმა განმარტა, საქართველოს მთავრობას ენიჭება გარკვეული უფლებამოსილებები, იმ დათქმით, რომ დეკრეტში მითითებულია სამოქმედო პრინციპები, ხოლო კონკრეტულად დეკრეტში სამოქმედო პრინციპების იმპლემენტაცია როგორ უნდა აღსრულდეს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
 
„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დეკრეტით იზღუდება გარკვეული უფლებები, კერძოდ კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლები. ეს მოხდა იმისთვის, რომ დეკრეტით მინიჭებული უფლებამოსილების იმპლემენტაცია იყოს ეფექტური. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დეკრეტი მოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, ანუ შეზღუდული ვადით. შესაბამისად, ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე.

ასევე, დეკრეტით განსაზღვრულია ის კონკრეტული სანქციები, რომელიც პირს, ან იურიდიულ პირს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს დეკრეტით, ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. ეს გახლავთ სანქცია, პირველ ეტაპზე, ჯარიმის სახით, ხოლო შემდეგ ეტაპზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური