საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის 4-დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სიტუაცია სტაბილურია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-05

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საგანგებო, კოორდინირებული მოქმედებისა და 4-დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სიტუაცია სტაბილურდება, - დიდთოვლობასთან დაკავშირებით მთავრობის 4-დღიანი მუშაობის შედეგები ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეაჯამა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დასავლეთ საქართველოში, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ობიექტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს; რეგიონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და 100-მდე ერთეული ტექნიკა, რომლებიც საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები; პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

· საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

· მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

· ამ პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია 22 000 აბონენტისთვის. ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილია 3 ათასამდე აბონენტი, რომელსაც ელექტრომომარაგება სრულად, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის აღუდგება.

· ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება გზები და ამ დროის მონაცემებით, საავტომობილო მაგისტრალებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმამდეა დაყვანილი.

· საქართველოს მასშტაბით, ფუნქციონირებს 111 პუნქტი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა და ტექნიკური მარილის მარაგი.

· რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

· გაწმენდითი სამუშაოების წარმოების შედეგად გაიხსნა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის და ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლის საავტომობილო გზა.

· თუმცა, თოვლისა და ყინულის, ასევე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე საავტომობლო გზაზე რჩება მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, რის შესახებაც მოსახლეობას ინფორმაცია აქტიურად მიეწოდება.

· 31 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში 1 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, გამოძახებებზე მოხდა მყისიერი რეაგირება.

· მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ჩართულია 40-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.