საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება «პარიზის შეთანხმებას» ამოსაბეჭდი ვერსია

2015 წლის 13 დეკემბერი

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მიესალმება შაბათს პარიზში მიღწეულ შეთანხმებას, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილებისაკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს. გლობალური დათბობის პიკური მნიშვნელობის 2 გრადუსზე მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე შენარჩუნება და საბოლოოდ 1.5 გრადუსზე ორიენტირი, ამ შეთანხმების დიდი წარმატებაა. ასევე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ფრანგული მხარის უპრეცედენტო ძალისხმევას შეთანხმების მისაღწევად.

„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ადასტურებს მსოფლიო ლიდერების მტკიცე გადაწყვეტილებას გლობალური დათბობის პრევენციასა და ადამიანებისთვის უსაფრთხო და მდგრადი მომავლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა მაქსიმალურად ამბიციურ შეთანხმებას და ასევე, უზრუნველყო ყველა დასახული მიზნის შესრულება, ჩვენი ყველა საკვანძო ინტერესის ასახვა" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, - „მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, რომელიც არის განახლებადი ენერგიის ექპორტის რეგიონული ლიდერი, დამატებით რესურსს მიიღებს ახალი პროექტებისათვის.

საქართველო სრულიად იზიარებს ხელშეკრულების ძირითად სულისკვეთებას - ჩვენ მზად ვართ გამჭვირვალობისათვის, ამბიციების ეტაპობრივი განახლებისათვის, ფინანსური რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანი და ეფექტური გამოყენებისათვის, განახლებად ენერგიაზე და ენერგოეფექტიანობაზე ორიენტაციისათვის.

ჩვენ უკვე ვიყენებთ ჰიდრორესურსს ქვეყნისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის 80%-ის გენერაციისთვის. საქარველოს აქვს მსოფლიოში ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავების მზარდი პოტენციალი და მტკნარი წყლის რესურსების ერთ-ერთი უდიდესი მარაგი".

გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციამდე (COP21) საქართველომ მიზნად დაისახა 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 15-25%-ით შემცირება ტრადიციულ ბიზნეს სცენართან შედარებით. მომავალ წელს დასრულდება კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა 2021-2030 წლებისათვის, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება საჭირო ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის და კლიმატის მწვანე ფონდის მზადყოფნის პროგრამის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას, თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და უზრუნველყოს ადაპტაციის ღონისძიებატა დროული გატარება.