საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პატიმრებს თავიანთი ნაკეთობების გაყიდვის საშუალება ექნებათ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-11

მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, ონლაინ მაღაზიების საშუალებით, საკუთარი ნამუშევრები გაყიდონ - პენიტენციალურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმაცია მთავრობის წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, პატიმრები ნამუშევრებს ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ დაამზადებენ, ადმინისტრაცია კი ნამუშევრებს ონლაინ მაღაზიაში განათავსებს და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, შეიძინოს პატიმრის ნამუშევარი. მყიდველის მიერ გადახდილი თანხა პირდაპირ პატიმრის ელექტრონულ ანგარიშზე გადაირიცხება.

„ყველაზე მთავარი ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ეს არის პატიმრობის კოდექსში ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მსჯავრდებულები მუდმივად, ინდივიდუალურ რეჟიმში აკეთებენ ძალიან ლამაზ ნაკეთობებს, მაგრამ ამავდროულად, მათ არ აქვთ საშუალება ამ ნაკეთობების გაყიდვის. ის ხატები, ის ძალიან ლამაზი ნახატები, მინანქრის ნამუშევრები უბრალოდ,რჩება დაწესებულებაში. ჩვენ ამ ცვლილებით ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ მსჯავრდებულებს მიეცეთ საშუალება, ელექტრონული ონლაინ მაღაზიების საშუალებით გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, პრობაციონერის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული გადასახადი უქმდება.  ასევე, კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, ფართოვდება ხანმოკლე პაემნის წრე და მშობელისა და მეუღლის გარდა, მსჯავრდებულების მონახულების საშუალება უფრო ფართო წრეს მიეცემა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა - სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილ სარემონტო საშუალებებში პატიმრები დასაქმდებიან, რაშიც ისინი ხელფასს მიიღებენ.